აწყური

სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტრის მანძილზეა. აწყურის დიდი ციხე, რომელიც უზარმაზარ კლდეზეა აღმართული, შორიდანვე ჩნდება (გზის მარცხნივ) და დიდხანს აღარ შორდება თვალს. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა გაშლილი ვაკე ადგილს. ციხე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, თავს დაჰყურებს სოფელსა და მთელ იმ მიდამოს. სოფელშივეა (აგრეთვე მარჯვენა ნაპირზე) ძველი საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებიც.
აწყური ძველთაგანვე ცნობილი ქალაქი იყო და მას აწყვერს (აწყუერი) ეძახდნენ. მატიანეებსა და საბუთებში მისი სახელი ძალიან ხშირად იხსენიება. აწყური მრავალჯერ გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზად. აწყურის ციხეს, რომელიც სამხრეთიდან მომავალ ერთ-ერთ უმთავრეს გზას დარაჯობდა, მრავალი თავდასხმისთვის გაუძლია. აწყურის ღვთისმშობლის ხატი სახელგანთქმული იყო მთელ საქართველოში, ხოლო აწყურის საეპისკოპოსო კათედრა, ათაბაგთა ბატონობის დროს, სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის მეთაურობას იჩემებდა.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" თანახმად, აწყურში საეპისკოპოსო ტაძარი უკვე გრიგოლის დროს, ე. ი. VIII-IX საუკუნეებში არსებობდა. გრიგოლის ერთ-ერთი მოწაფე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა.
XI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV-ის დროს, მატიანეში იხსენიება აბუსერი - ერისთავი არტანუჯისა, ხიხათა და ციხიჯვრისა და აწყუერის ციხის პატრონი.
აწყვერის ციხე და "მესხთა დიდებული საყდარი აწყვერი" კიდევ უფრო ხშირად გვხვდება XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ წყაროებში.
1259-1260 წლებში, როცა მეფე დავით ულუ მონგოლებს აუჯანყდა და სამცხეს გადავიდა, მონგოლები, არღუნ ყაენის მეთაურობით, სამცხეს შეესივნენ და აწყური ააოხრეს.
XIII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს, როცა "სამცხეს საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი", "საყდარი აწყუერისა დაიქცა". მემატიანე, რომელსაც ხატის სასწაულთმოქმედი ძალისა სჯეროდა, გადმოგვცემს, რომ მიწისძვრის დროს "აწყუერისა ღვთისმშობელი ლიტანიობით შესვენებული საშუალ საყდრისა ესვენა, გუმბადი ჩამოიჭრა და ვითარ ქუდი კაცისა, ასრეთ თავსა დაერქვა და დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითაო".
ტაძარი მალე აღადგინეს, რადგანაც იგი მესხეთის მთავარი სალოცავი იყო.
მას შემდეგ, რაც სამცხის მთავრები საქართველოს მეფეს გადაუდგნენ, აწყურის ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. XV საუკუნეში, როცა საქართველოს პოლიტიკური და ნივთიერი მდგომარეობა უკვე ძლიერ შერყეული იყო, სამცხის მთავრები ცდილობდნენ სრულიად გამოეყოთ თავისი სამფლობელო საქართველოს სახელმწიფოსგან და სრული დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ამისათვის კი საჭირო იყო საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებაც. ამ მიზნით ათაბაგებმა განიზრახეს მესხეთის ეკლესია მცხეთის კათალიკოსისაგან ჩამოეშორებინათ და აწყურის ეპისკოპოსისათვის კათალიკოსის უფლებები მიენიჭებინათ. მაშინ, XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი III-ისა და ყუარყუარე ათაბაგის დროს, ეს არ მოხერხდა. მცხეთის კათალიკოსმა შეაჩვენა მესხეთის სამღვდელოება და შეძლო მათი დამორჩილება. მაგრამ უფრო გვიან, XVI საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა უკვე სრულიად დარღვეული იყო, სამცხის მმართველმა მზეჭაბუკმა მესხეთის ეკლესია მოგლიჯა მცხეთის საკათალიკოსოს და ამგვარად გაწყვიტა ის ერთადერთი ძარღვიც, რომელიც მესხეთს, უფლებრივი თვალსაზრისით, საქართველოსთან აკავშირებდა.
მესხეთის ეკლესიის მეთაურად მაწყვერელი იქცა. მას ეპისკოპოსთა დასმის უფლებაც მიენიჭა. მაწყვერელი თავისთავს მღვდელმთავარს კი აღარ უწოდებდა, არამედ მღვდელმთავართმთავარს.
მზეჭაბუკმა აწყურის ტაძარს შეწირა "დიდებული მონასტერი ზარზმა". აწყურის ტაძარს დიდი მამულები ჰქონდა, მაწყვერელი ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალთაგანი იყო.
აწყურის ტაძარი დანგრეულია. მნახველს აოცებს მისი სიდიდე. მართლაც, თავისი ფართობით აწყურის კათედრალი (საეპისკოპოსო ტაძარი) ყველაზე დიდი იყო მთელ საქართველოში (ფართობით იგი სვეტიცხოველსაც კი ჭარბობს). ახლა გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დაღუპულია კედლების ზემო ნაწილებიც, აღმოსავლეთის ნაწილი შედარებით უკეთაა გადარჩენილი. საკურთხეველსა და მის ორსავ მხარეს მდებარე ოთახებს (სადიაკვნესა და სამსხვერპლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. საკურთხევლის შუა ნაწილი ახლა ერთიანად გამონგრეულია, ხოლო კედლის გარე პერანგი (თლილი ქვისა) თითქმის სულ ჩამოძარცული.
შიგნით გადარჩენილია საკურთხევლის კუთხეების მორთულობა, წვრილი კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით. საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა (გადარჩენილია თაღებისა და სარკმლის მოჩუქურთმებული არშიის ნაწილები) მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნის მიწურულზე ადრინდელია, ე. ი. იმ მიწისძვრაზე ადრინდელი, რომელმაც ძლიერ დააზიანა აწყურის ტაძარი. საკურთხევლის მხარე მიწისძვრის დროს გადარჩენილა.
სამაგიეროდ, დასავლეთის კედელი მიწისძვრის შემდეგ იყო აღდგენილი. ახლა მისი პერანგიც თითქმის სულ ჩამოცლილია და აღარაფრის გარკვევა არ შეიძლება, მაგრამ ძველ ფოტოსურათებზე ჯერ კიდევ ჩანს ამ კედლის გარე მორთულობა: მაღალი, ჩუქურთმიან არშიაში ჩასმული სარკმელი, ჩუქურთმიანივე ჯვარი მის, ზემოთ და სამკაულებიანი ბურთულები ჯვრის ძირში. ამ მორთულობის საერთო იერი, აგრეთვე ჩუქურთმის სახეები და შესრულების ხასიათი, გარკვევით მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII-XIV საუკუნეებზე ადრინდელი არაა. იგი, ალბათ, მიწისძვრის მომდევნო წლებს, ე. ი. XIII საუკუნის ბოლოს ან XIV საუკუნის პირველ ნახევარს ეკუთვნის.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ XVI საუკუნეში აწყურის ტაძარში ჯერ კიდევ იყო წირვა-ლოცვა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც, ვახუშტის ცნობით, აწყურს "არს ეკლესია დიდშენი, შვენიერად ქმნული, გუმბათიანი, ყოვლად-წმიდის ღვოისმშობლისა". შენობა "ფეხზე იდგა" თვით XIX საუკუნის დასაწყისამდეც კი. საქართველოს ისტორიისა და ქართულ სიძველეთა ცნობილი მკვლევარი აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელმაც XIX საუკუნის შუა წლებში ნახა ეს ძეგლი, წერს: "ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა, ტაძარი ჯერ კიდევ დაუნგრეველი მახსოვსო".
როგორც ჩანს, ძეგლი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში დაინგრა. XIX საუკუნის მანძილზედაც მას პატრონი და მზრუნველი არავინ ჰყოლია. მაჰმადიანი მოსახლეობა მის ქვებს თავისი სახლებისათვის, იყენებდა.
XV საუკუნეში აწყურს რამდენიმეჯერ შემოესივნენ უცხოელები. 1477 წელს მესხეთი ირანის შაჰმა უზუნჰასანმა დაარბია. სპარსელები აწყურშიც შეჭრილან, მათ "მოსრნეს მრავალნი ქრისტანენი მღვდელნი და მონაზონნი და ერისთაგანი", მოგვითხრობს მემატიანე.
1486 წელს მესხეთში ირანის შაჰი იაყუბ ყაენი შეიჭრა. ახალქალაქისა და ახალციხის აღების შემდეგ, იგი აწყურს მიადგა, ალყა შემოარტყა მას და "შეაჭირვა ფრიად". აწყურლებმა "ითხოვეს ზავი" და უვნებლობა თავისთვის და ქალაქ-საყდრისთვის. იაყუბმა მისცა მათ უვნებლობის პირობა, შევიდა ქალაქში, შემდეგ კი ქართლის დასარბევად წარავლინა თავისი ჯარი. ქართლში სპარსელებმა ვერა გააწყვეს რა და განრისხებულმა ყაენმა აწყურზე იყარა ჯავრი: პარი უშალა აწყურელთ, ტყვედ წაასხა ბევრი მათგანი და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც თან წაიღო.
აწყურის დანებება ათაბაგმა ღალატად მიიჩნია. მაწყვერელი გააძევეს და მის ნაცვლად სხვა დასვეს. მაგრამ განსაკუთრებით შეაწუხა ათაბაგი აწყურის სახელგანთქმული და სასწაულთმოქმედი ხატის დატყვევებამ. მან "წარავლინა ვერცხლი დიდძალი"., დაიხსნა ხატი და კვლავ აწყურის ტაძარში დაასვენა იგი.
მაგრამ აწყურის ხატი არა მარტო უცხოელთა ტყვეობაშია ნამყოფი. ერთი ქრონიკის ცნობით, 1546 წელს აწყურის ღვთისმშობელი "ტყვედ წაასხა იმერელმა მეფემ ბაგრატ" (საუბარია ბაგრატ III-ზე, 1510 - 1565 წწ.), რომელსაც ერთხანს სამცხეც ექვემდებარებოდა. ბაგრატს ხატი ჯერ ციხისჯვარს წაუღია, 1553 წელს კი "ციხისჯვარიდან აწყურის ღვთისმშობელი ტყვედ წაასვენეს იმერეთს".
სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, აწყური სანჯაყის მთავარ ქალაქად იქცა. მის ციხეში თურქებმა თავისი გარნიზონი ჩააყენეს. მეტად ხელსაყრელი მდებარეობის გამო, აწყურის ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველები, როგორც ცნობილია, არ შერიგებიან მესხეთის დაპყრობას. 1770 წელს ახალციხის საფაშოს წინააღმდეგ გაილაშქრა ერეკლე II-მ. მასთან ერთად იყო რუსის ჯარიც, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით.
აპრილის შუა რიცხვებში ქართველთა და რუსთა ჯარი აწყურს მიადგა და ციხეს ალყა შემოარტყა. მაგრამ გაჩაღდა თუ არა ბრძოლა, მოღალატე ტოტლებენმა, ერეკლესთვის სრულიად მოულოდნელად, მიატოვა ბრძოლის ველი და თავისი ჯარით უკან გაბრუნდა. თურქებს უნდოდათ ამით ესარგებლათ, ისინი ციხიდან გამოუხდნენ და თავს დაესხნენ ქართველებს. მაგრამ ერეკლემ აქაც გამოიჩინა თავისი დიდი სამხედრო ნიჭი, ხოლო ქართველთა ჯარმა - დიდი ვაჟკაცობა და დამარცხებული მტერი უკუქცეულ იქნა. მტერმა კვლავ ციხეს შეაფარა თავი. ერეკლე აქედან ასპინძას გაემართა. აქ გაიმართა ცნობილი ასპინძის ომი, რომელიც თურქთა ლაშქრის სასტიკი დამარცხებითა და განადგურებით დამთავრდა.
ამ გამარჯვებებს, იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, არსებითი შედეგი არ მოყოლია. სამცხე კვლავ თურქების ხელში დარჩა, თურქებს ეკუთვნოდა 1828 წლამდის აწყურიც. 1828 წლის აგვისტოში კი, გენერალ პასკევიჩის მიერ ახალციხის აღების მეორე დღეს, აწყურის გარნიზონმა უბრძოლველად ჩააბარა ციხე რუსებს.
ადრიანოპოლის ზავის შემდეგ, აწყური, ახალციხის საფაშოს ნაწილთან ერთად, კვლავ შემოუერთდა საქართველოს.
აწყურის ციხე დღეს ნანგრევებს წარმოადგენს, მაგრამ ამ ნანგრევთა მიხედვითაც ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იგი სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა იყო. ციხეში შესასვლელი კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბიდანაა. ეს შესასვლელი ახლა გზის დონეზეა, მტკვრის პირას. ციხე ისეთ კლდეებზეა ნაშენი, რომ გვირაბში შეჭრის შემდეგაც, მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. მთავარი სირთულე სწორედ ძნელად მისადგომ შიგა ნაგებობათა აღება იყო.
როცა ციხის კედლებს ათვალიერებთ, ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ისინი ბუნებრივად არიან შეზრდილნი კლდეებთან. კლდის რელიეფი, მისი ყოველი ჩაღრმავება და ნაოჭი მარჯვედაა გამოყენებული მშენებელთა მიერ. ზოგან კედელი ისეთ ციცაბო ფერდზეა დაბჯენილი (თითქოს მისგანაა აღმოცენებული), რომ ძნელი გასაგებიც კია, როგორ მოახერხეს ძველმა ოსტატებმა ასეთი ამოცანის ტექნიკურად გადაწყვეტა.
ახლანდელი ციხე, რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს ერთგვაროვან, მთლიან ნაგებობას. მასში მრავალი სხვადასხვადროინდელი ფენაა. ეს სრულიად ბუნებრივია. ციხე ათასი წლის განმავლობაში მაინც "მოქმედი" იყო. მას ბევრი გააფთრებული თავდასხმა განუცდია, რამდენიმეჯერ დაზიანებულა და აღდგენილა. ასეთ ციხეს, ცხადია, მთლიანად ვერ დაანგრევდნენ. ზიანდებოდა მისი ცალკეული ნაწილები, რომელთაც შეძლებისდაგვარად სწრაფად შეაკეთებდნენ ხოლმე. ამიტომ ამჟამად ძალიან ძნელია ამ ფენების თარიღთა ზუსტად დადგენა, თუმცა თვით ფენების გარჩევა კი ხერხდება. ზოგიერთი რამ, უეჭველია, აწყურში თურქების მიერაცაა შეკეთებულ.
ამჟამად აწყურის ციხეც და ტაძარიც აღრიცხულია, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი.