სურამი

დაბა სურამი მდებარეობს ქ. ხაშურის ჩრდილო-დასავლეთით 4 კილომეტრზე, ორი მნიშვნელოვანი გზის შესაყარზე, რომელთაგან ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელით დასავლეთ საქართველოსკენ, ხოლო მეორე ბორჯომის ხეობით სამხრეთ საქართველოსკენ. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სურამი უძველესი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული. ფეოდალური საქართველოს გაერთიანების დასაწყისისათვის და მომდევნო საუკუნეებშიც სურამი სავაჭრო ცენტრი იყო. ურთიერთობა ჰქონდა თბილისთან, განჯასთან ერევანთან, ქუთაისთან და სხვა ქალაქებთან. XII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც ქართლის ერისთავობა სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენლებს (მსახურთუხუცესი გრიგოლ სურამელი, ბეგა სურამელი და სხვა.) გადაეცა, სურამი ქართლის ერისთავთა რეზიდენციად და აღმოსავლეთის ცენტრად იქცა. მონღოლთა ბატონობის დროს დუმნებად დაყოფილ საქართველოში მეორე დუმნის - ქართლის მმართველი გრიგოლ სურამელი იყო. XIII-XVII საუკუნეებში ქართლის სხვა ქალაქებთან ერთად სურამი მრავალჯერ ააოხრეს, მაგრამ XVII საუკუნიდან ისევ ქალაქად არის მოხსენიებული, ხოლო XVIII საუკუნეში, როგორც სამეფო ქალაქი, მეფის მოურავის გამგებლობაშია. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით იზრდება სურამის ციხის მნიშვნელობა. იგი მთავარი სათავდაცვო ბაზა და საიმედო სიმაგრე იყო. XIX საუკუნეში ხაშური და სურამი შეადგენდნენ სურამის საბაქაულოს, რომელშიც 32 სოფლის საზოგადოება შედიოდა. სურამის ზრდა-განვითარებაზე გავლენა მოახდინა თბილისი - ფოთი და ხაშური - სურამის რკინიგზის გაყვანამ (1872 წ.).

ამაღლების ეკლესია დგას დაბის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,7 X 5,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით. იგი შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელი ორი აქვს, დასავლეთით (ამოშენებულია) და სამხრეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მეორე სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი ნახევარწრიული კედლის დეკორატიული თაღით. თაღებს შორის მოთავსებულ კაპიტელებიან პილასტრებზე გადაყვანილია ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. სამხრეთ კედელში, შესასვლელთან, იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზე პატარა ნიშია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე ლილვებით გამოყვანილია ჯვარი. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.

წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია დგას დაბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. 1968 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მ), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდით და ბემით. დანარჩენი მკლავები ოთხკუთხაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები მოკლეა, დასავლეთის შედარებით გრძელი. მკლავები თითო ფართო შეისრული თაღით უკავშირდება გვერდის მონაკვეთებს. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. გვერდებზე კიბეები აქვს.
საკურთხევლის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით ორსართულიანი სათავსებია. ქვედა სართულის სწორკუთხა სათავსები, სამკვეთლო და სადიაკვნე, ეკლესიის ძირითად სივრცესთან დაკავშირებულია კარით და ცილინდრული კამარითაა გადახურული. ამ სათავსების გრძივ კედლებში გაჭრილია თითო სარკმელი. ზედა სართულის სათავსებში ასასვლელი ვიწრო კიბეები ბემის შესაბამის კედლებშია დატანებული. ორივე ზედა სათავსი გადახურულია დამრეცი კამარით და ნათდება აღმოსავლეთ სარკმლიდან. ეს სათავსები ასაძრომით უკავშირდებიან აფსიდის კონქის ზედა სივრცეს (სამალავს).
ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი სარკმელი, ხოლო გუმბათის ყელში თორმეტი დიდი თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის შიდა სივრცის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს კვადრატულ საფუძველზე დამყარებული გუმბათი, რომელიც ბემის შვერილებს და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღებზეა აღმართული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. აფრებში ჩადგმულია თითო სარეზონატორო ქვევრი. დასავლეთ კედლის კიდეებში დატანებულია ადრე არსებული ხის პატრონიკეზე ასასვლელი ვიწრო კიბეები. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და მოხატულია.
ეკლესია ორსაფეხურიან მაღალ ცოკოლზე დგას. ჯვრის მკლავების ორფერდა სახურავების გადაკვეთაზე აღმართულია პირამიდულსახურავიანი მაღალი თორმეტწახნაგა გუმბათი. გუმბათის ყელის სარკმლები უწყვეტი თაღედითაა მოჩარჩოებული. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის მაღალი ოთხკუთხა სარკმლის ზემოთ, ფრონტონის არეში, გამოსახულია ჯვარი, მის ორივე მხარეს რომბისებრი გამოსახულებებია. ამ ფასადის ცენტრალურ ნაწილის კედლებში თითო პილასტრია. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში ჯვრის მკლავის კედელი შესქელებულია და მის კიდეებზე თითო პროფილირებული პილასტრია. მკლავის ღერძზე, სარკმლის ზემოთ მედალიონია. პილასტრების რთულპროფილიანი კაპიტელები ანალოგიური პროფილის ლავგარდანს ერწყმის. ლავგარდანი მთელ სიგრძეზე გასდევს ფასადს. ლავგარდნის ზემოთ, სამხრეთ მკლავის ფრონტონის ცენტრში გამოსახულია რელიეფური ჯავარი. მის ირგვლივ კლასიკური არქიტექტურული ფორმების სტილიზებული ელემენტებია განლაგებული. ამ ფასადის განაპირა მონაკვეთების სარკმლების თავზე პროფილირებულ ზოლებს შორის რიტმულად ჩამწკრივებული ნახევარსვეტებით შექმნილია ფრიზი. ჩრდილოეთის ფასადი სამხრეთის ანალოგიურია. დასავლეთ ფასადის ცენტრალურ ნაწილს სამრეკლო ეკვრის, განაპირა ნაწილებში კი სარკმლებია, ქვემოთ - თაღოვანი, ზემოთ - მრგვალი.
სამრეკლო ეკლესიის თანადროული ოთხსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი დასავლეთითაა, ეკლესიის კარის ღერძზე. ყოველ კედელში თითო თაღოვანი შეღრმავებაა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში კი თითო სარკმელი. მეორე სართულის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო მრგვალი სარკმელია. პირველი და მეორე სართული გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. მესამე სართული სამ მხარეს გახსნილია თაღებით. მისი გადახურვის ცენტრში დატოვებულია ზარების თოკის ჩამოსაშვები ღიობი. მეოთხე სართული პირამიდული სახურავით დასრულებული, თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის გუმბათის წყობაში გადებულია ზარების ჩამოსაკიდი ხის ძელები. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს.

ღვთისმშობლის ეკლესია დგას დაბის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზის პირას, წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესიის გვერდით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეული იყო. 3,5 მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილი იყო მხოლოდ ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი და კუთხის პილასტრები. ამჟამად ეკლესია აღდგენილია. დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთითაა. გადახურულია ორფერდა კრამიტის სახურავით.

ღვთაების ეკლესია დგას დაბაში, აშენებულია 1831 წელს ადრე აქ არსებული ეკლესიის ნანგრევებზე, ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. შეკეთებულია 1972 წელს. ეკლესია დარბაზულია (12,2 X 5,6 მ), ნაგებია ქვის დიდი კვადრებით და რიყის ქვით, შეკეთებულია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია თითო ჩაღრმავებული ჯვარი. სამხრეთ ფასადზე სპილენძის ფირფიტაზე სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე დაშენებულია აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო.

წმ. გიორგის ეკლესია დგას დაბიდან დასავლეთით, ადგილ ქუცუმთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,1 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით და კირქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე პატარა სარკმელია. ასეთივე სარკმლებია სამხრეთით და დასავლეთით. სახურავი ორფერდაა.

ამაღლების ეკლესია დგას დაბის აღმოსავლეთით, ყოფილი სოფელ გვერდისუბნის სამხრეთ-დასავლეთით (ამჟამად სურამის უბანი) 500 მეტრზე, ამაღლებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11 X 6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ერთი ნიშია. დანარჩენ სამ კედელშიც თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრი და ორ-ორი დეკორატიული თაღია. ეკლესიას ცილინდრული კამარა და ორფერდა სახურავი აქვს.

იტრიის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს დაბის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ იტრიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ამჟამად სურამის უბანი). თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში და 1969 წელს. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.
ღვთისმშობლის ტაძარი დგას გალავნით შემოზღუდული ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოს დოროთეოზის დაკვეთით. მშენებლობის პროცესში „ურუმთ დაუწვავთ“, მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს მისთვის. 1645 წელს ქართლის მეფე როსტომს (1632-1658 წწ.) და მის მეუღლეს მარიამს იტრიის მონასტრისათვის ყმები და მიწები უბოძებიათ.
ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა ( 19,95 X 13,3 მ), ნაგები თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობაში გვხვდება აგურიც. აქვს ორი შესასვლელი - სამხრეთით და დასავლეთით. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია წყვილ-წყვილი ოთხკუთხა ბოძით, რომლებსაც მარტივი კვადრატული კაპიტელები აქვს და კუთხეებში ლილვები აუყვება. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. შუა სარკმლის ქვეშ დიდი ნიშია (საწინამძღვრო ტახტი), რომლის გვერდებზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომებია. აფსიდი შუა ნავის სივრცეს ფართო ბემით უკავშირდება. ხატებითა და ჯვრებით მორთული ხის კანკელი ძლიერ დაზიანებულია. აფსიდის გვერდებზე პატარა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს ნახევარწრიული გადახურვა და აფსიდები აქვს. აფსიდებში აღმოსავლეთით თითო სარკმელია, მათ თავზე - სამალავი საკნები. სამკვეთლო ოთხკუთხა კარით უკავშირდება ბემს. შუა ნავი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კამარა გამაგრებულია კედლებში ჩაშენებული ხის კოჭებით (ეკლესიის თანადროულია). ამ ნავის გრძივ კედლებში სამ-სამი თაღოვანი ფანჯარაა. გვერდის ნავების გრძივ კედლებშიც სამ-სამი სარკმელია. ტაძარი შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ნაგებობა დგას თაროსა და ლილვებისგან შედგენილ ცოკოლზე. დასავლეთ ფასადზე რელიეფური ლილვებით შემკული ფართო თაღოვანი პორტალია, ხოლო მის ორივე მხარეს მასიური დეკორატიული კრონშტეინები. ფასადის ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთხკუთხა ფანჯარაა, მის თავზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია, კიდევ უფრო ზევით, ფრონტონის კეხის ქვეშ - პატარა ჯვარი. სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია დასავლეთ შესასვლელის მსგავსი კარი, რომლის ორივე მხარეს დეკორატიული ორნამენტიანი კრონშტეინებია. ჩრდილოეთ ფასადზე წყვილი ლილვით მოჩარჩოებული სამი თაღოვანი ფანჯარაა. ნაგებობის ლავგარდანი ვიწრო თაროს, წრეთარგისა და ლილვისაგან შედგება. სახურავი კრამიტისაა.
სამრეკლო აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლოზის დაკვეთით. იგი ზევით შევიწროვებული, კოშკისებრი სამსართულიანი ნაგებობა (6,25 X 4,95 მ), აშენებულია უხეშად დაკუთხული თლილი ქვის კვადრებით. XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლო შეუკეთებიათ და სახურავზე, სამხრეთ კუთხეში პატარა ფანჩატური დაუშენებიათ. სამრეკლოს პირველი სართული, რომელიც თავდაპირველად მონასტრის ეზოს შესასვლელი იყო (გაუქმებულია), ორ მხარეს მთელ სიგანეზე გახსნილია ერთნაირი თაღებით და გადახურულია ნახევარწრიული არაწესიერი მოხაზულობის კამარით. მის კედლებში დატანებულია ღრმა ნიშები. ჩრდილოეთ კედელში ბუხარიცაა. ჩრდილოეთ ფასადზე მიშენებული იყო მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე. მეორე სართულის დაბალი სათავსი კამარითაა გადახურული, კედლებში ნიშებია. მესამე სართული შედარებით პატარაა და დასავლეთით გახსნილია ორმაგთაღიანი ღიობით. სამრეკლოს თავზე დაშენებული ორმხრივ გახსნილი ფანჩატური გადახურულია პირამიდული სახურავით და ნახევარწრიული თაღებით გაერთიანებულ მარტივკაპიტელებიან მრგვალ ბოძებს ეყრდნობა. ორფერდა სახურავი თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილ ლავგარდანს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე მე სამე სართულის ორმაგთაღიანი ღიობის შუა ბოძი შემკულია რელიეფური ჯვრითა და პრიმიტიული ორნამენტით. ფრონტონის კეხის ქვეშ ორმაგი თაღის ზევით გამოსახულია დეკორატიული ჯვარი.
გალავანი (40 X 25 მ; მაქსიმალური სიმაღლე 2 მ) აშენებულია 1656 წელს კირქვის კვადრებით. წყობა ირეგულარულია. გალავანი ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გაჭრილია XX საუკუნის დასაწყისში. აქ, ფერდობზე შემორჩენილია ქვის კიბის ნაშთი. გალავნის სამხრეთ კედელში ჩაშენებული იყო კოშკი, რომლის მხოლოდ 1,5 მეტრის სიმაღლის სამი კედელია გადარჩენილი. გალავანზე მიშენებული ყოფილა აგრეთვე სენაკები.