ბრეთი

სოფელი ბრეთი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 9 კილომეტრის მანძილზე.
ბრეთის ტერიტორია ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა ბრეთის ხევი.
ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვან კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა.
ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საკუთრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურული დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელი ბრეთი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII სს.) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI საუკუნეებში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა-მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII-XVIII საუკუნეებში ზემო ქართლში ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელ ბრეთის დიდი ნაწილი ავალიშვილთა საკუთრება იყო. აქ მათ სასახლეც ჰქონდათ. XVI-XVIII საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ბრეთი ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახორები სარდლობდნენ.

სოფლის დასავლეთით, პლატოზე (ნასოფლარი წვერი) დგას ეკლესია და კოშკი. ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით, კოშკი - XVII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (8,6 X 4,6 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზი გადახურულია კამარით. კონქი და კამარა შეისრულია. თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. ნაგებობას ჰქონდა აგურის დაკბილული ლავგარდანი. ორფერდა სახურავი კრამიტისაა.
მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიუდგამთ საყარაულო კოშკი, რაც პლატოს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული (კარგად ჩანს მტკვრის ხეობა და სამხრეთისკენ მიმავალი გზა).
კოშკი სწორკუთხაა (4,6 X 4 მ), ნაგებია რიყისა და ყორე ქვით. შერჩენილი აქვს ოთხი სართული. სართულშუა გადახურვა ხისა ყოფილა. თაღოვანი შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია. ყრუკედლებიანი პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა; ამ სართულზე, მოსაზღვრე კედლებში, ერთმანეთის გასწვრივ გაჭრილი თაღებით კოშკი ეკლესიას უკავშირდება. მეორე სართული საცხოვრებელი და საბრძოლოა. მის ჩრდილოეთ კედელში, შუაში ბუხარია, კუთხეებში - ნახევარწრიული ნიშები. აღმოსავლეთით, ეკლესიის სარკმლის გასწვრივ სარკმელია გაჭრილი. მესამე სართული საბრძოლოა, მის სამ კედელში ორ-ორი სათოფურია. მეოთხე სართულის კედლების მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთ კედელზე ორი სათოფურის კვალი ჩანს; დასავლეთის სარკმელი ამოქოლილია და იქვე, მარცხნივ, სათოფურია.
პლატოზე შემორჩენილია აგრეთვე ნამოსახლარის ნაშთები და იპოვება კერამიკული მასალა.

მამა პიროსის და წმ. გიორგის ეკლესიები მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნაგებობებში გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა: მამა პიროსის ეკლესია (თავდაპირველად დამოუკიდებელი ნაგებობა - ეგვტერი), რომელიც VI საუკუნეში აუშენებია ერთ-ერთ სირიელ მამათაგანს, იოანე ზედაზნელის მოწაფეს პიროსს (დასაფლავებულია აქვე) და წმ. გიორგის ეკლესია (მთავარი ეკლესია), რომელიც აგებულია VIII-IX საუკუნეებში. მამა პიროსის ეკლესია გადაკეთებულია, დაკავშირებულია წმ. გიორგის ეკლესიასთან და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელს შიგნით მიდგმული აქვს კიბე, რომლის საფეხურებად გამოყენებულია წარწერიანი საფლავის ქვები. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ნაგებობის ზედა ნაწილები რიყის ქვითა და აგურით ამოუყვანიათ, აღუდგენიათ მინაშენებიც. ამ ხანაშია აგებული სამრეკლოც, რომელიც ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზეა დაშენებული. ეკლესია შეაკეთეს XIX საუკუნეშიც: გარედან მთლიანად შელესეს, გადახურეს კრამიტით, ბევრგან გადააწყვეს კედლები და ამოაშენეს დანგრეული ნაწილები, კვადრატული აგურით აღადგინეს მინაშენების ლავგარდნები.
წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (14,35 X 13,2 მ). მიუხედავად მრავალგზის გადაკეთებისა, უცვლელია ნაგებობის გეგმა, მასები და ცალკეული ფორმები. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. შიდა სივრცე საკმაოდ ფართოა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს - ღრმა ნიშები. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილად იყოფა. შუა საფეხურს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, გვერდის საფეხურებს კი - კედლის დეკორატიული თაღები. ეკლესიას ჩრდილოეთით ეგვტერი (მამა პიროსის ეკლესია), ხოლო სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები ეკვრის.
მამა პიროსის ეკლესია (ეგვტერი) და წმ. გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი თითქმის ერთნაირი საშენი მასალით არის ნაგები, მაგრამ კედლები გადაუბმელია, წყობა განსხვავებული. ეგვტერზე ფრონტონის კვალიც შეიმჩნევა. მოგვიანებით ეგვტერის კუთხეები აუმაღლებიათ, შენობა ცალფერდა სახურავით გადაუხურავთ და წმ. გიორგის ეკლესიისათვის დაუკავშირებიათ. ეგვტერის ფასადები რამდენჯერმეა განახლებული. ძველი ნაწილები შემორჩენილია ფრაგმენტების სახით. გადაკეთებულია ნაგებობის ინტერიერიც. კამარა აღდგენილია. უცვლელად არის მოღწეული აფსიდი და კედლის ქვედა ნაწილები. ღრმა, ნალისებრი აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. სამხრეთით გაჭრილი ერთადერთი კარი მთავარ ეკლესიაში გადის.
სამხრეთის და დასავლეთის მინაშენები უწყვეტად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და გარშემოსავლელს წარმოადგენს. ორივე გადახურულია კირხსნარით დაბეტონებული ნახევარწრიული კამარით. სამხრეთ მინაშენს ნახევარწრიული აფსიდი აქვს. წმინდა გიორგის ეკლესიაში მოხვედრა შეიძლება მინაშენის სამხრეთ კედელში გაჭრილი შესასვლელით.
გარშემოსავლელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე მოგვიანებით დაუშენებიათ სამრეკლო - აგურით ნაგები ექვსთაღიანი ფანჩატური, რომელსაც საფუძველი მრგვალი აქვს, სახურავი - პირამიდული. ფანჩატურის ყოველი წახნაგი შემკულია დეკორატიული ლილვებით და თაღებით.