სამწევრისი

მტკვრის აუზში, ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისის მახლობლად, მთის ერთ-ერთ კონცხზე აღმართული იყო დიდი ციხედარბაზი.
სამწევრისის ციხე-დარბაზს დიდი ფართობი ეკავა. სასახლეებისა და სხვა შენობათა ნანგრევებში დღესაც იგრძნობა ოდესღაც კოლოსალურ ნაგებობათა სიდიადე. დროთა ვითარებაში ყველაფერი ისე უმოწყალოდ დანგრეულა, რომ შეუძლებელია თავდაპირველი სახის დადგენა.
ციხე-დარბაზი თავისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი. ჩრდილოეთის მხარე მცირედ აღემატება სამხრეთისას. იგი თითქმის მიწასთანაა გასწორებული. უკეთაა მოღწეული სამხრეთის ნაწილი, სადაც მთავარი კომპლექსი იყო. ნანგრევები მრავალფენოვანია. ძირითადად ხუთი ფენის გამიჯვნა ხერხდება. თავდაპირველად აქ დიდი ზომის კოშკი მდგარა. შემდეგ აღმოსავლეთით საშუალო ზომის ეკლესია აუგიათ. მესამე ფენა შეიცავს კოშკის ირგვლივ წარმოქმნილ გალავანს. მეოთხე სამშენებლო ფენა უფრო ხანგრძლივი ყოფილა. გადარჩენილი კედლების უმრავლესობა ამ დროისაა. მეხუთე პერიოდს შეიძლება მიეკუთვნოს ქვედა გალავანი.
კომპლექსის პირველ ნაგებობას, ორიგინალური ფორმის კოშკს, ანალოგია არ გააჩნია. იგი მასიურია; მართალია, ზედა ნაწილი აკლია, მაგრამ ოთხი სართული მაინცაა დარჩენილი. მისი გეგმა შიგნიდან კვადრატს უახლოვდება, გარედან კი კუთხეები შესამჩნევადაა მომრგვალებული. პირველი სართული მაღლაა, მის ქვემოთ მოთავსებულია ბნელი სარდაფი. მეორე სართულის სიმაღლე ხუთ მეტრს აღემატება, რაც იშვიათი შემთხვევაა. სქელი კედლების ღრმა ნიშებში მოთავსებულია საბრძოლო ხვრელობები. ზედა სართულისგან ცოტა რამ არის დარჩენილი. მცირე ანალოგიების მიხედვით, კოშკი ადრეფეოდალური ხანით თარიღდება.
კოშკის სამხრეთ-დასავლეთის კუთხესთან შეერთებული თხუთმეტიოდე მეტრის სიგრძისა და ათი მეტრის სიმაღლის კედელი სასახლის ნაშთია. იგი ფაქტიურად ძველ გალავანში იყო ჩართული. ეტყობა, სასახლე სამსართულიანი მაინც ყოფილა, თუ მეტი არა. პირველი სართულის კედლები გარედან ყრუა. მეორე სართულს ჰქონია სადაზვერვო ხვრელობები და ფანჯრები. მესამე სართულზე, გარედან მიდგმული ბურჯის არეში, მდებარეობს ღრმა და მაღალი ნიში გუმბათის, მსგავსი გადახურვით.
ანსამბლის მთავარი ნაგებობებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ციტადელი. ციტადელში მდგარა სასახლის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობები. მათში გამოირჩევა სამხრეთისა. კოშკსა და ამ ნაგებობას შორის დიდი განსხვავებაა. კოშკში ყველაფერი მწყობრადაა, სასახლეში კი, რომელიც თავისთავად გვიანაა აგებული, ეს არ იგრძნობა.
მთავარი ნაგებობა იდგა ციტადელის ჩრდილო ნაწილში. დარჩენილი კედლის მიხედვით, სასახლე სამსართულიანი ყოფილა. პირველი სართულის კედლებში სამი მადალი სარკმელია, მათ ზემოთ კი - კვადრატული ნიშები. მეორე სართულის კედლებში მხოლოდ საშუალო ზომის ორი სარკმელია. მესამე სართული პარადულ ხასიათს ატარებდა. აქ განიერი სარკმლებია, რომელთა შორის პატარა ნიშებია. იმავე ხაზზე, გარეთა კონტრფორსის არეში, მოთავსებულია მაღალი და განიერი ნიში, რომელსაც რაღაც საგანგებო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. სავარაუდოა, რომ ამ სართულის კვალვის მდიდრულად იყო მორთული.
ციტადელის მეორე მხარეც სასახლის ტიპის ნაგებობას ეჭირა. მისგანაც მხოლოდ გარე კედელია გადარჩენილი; კედელი, რომელსაც 15 მეტრი სიგრძე აქვს და ცხრა მეტრი სიმაღლე, არანაკლებ სამი სართულისა უნდა ყოფილიყო. მათგან პირველი სართული დამხმარე იყო, მეორე კი - კვადრატული სარკმლებით - საცხოვრებელი. მესამე სართული აქაც პარადულ ხასიათს ატარებს.
ციტადელის დასავლეთის ნაწილი უფრო დაზიანებულია. გადარჩენილია ოთხი მეტრის სიმაღლის კედლები სარკმლებითა და საბრძოლო ელემენტებით.
ციხე-დარბაზის ჩრდილოეთის მხარე იმდენადაა დაზიანებული, რომ ყველგან გალავნის ხაზიც არ ირკვევა. სიმაგრის დაპროექტების დროს ამ მხარისათვის ძირითადად დაცვის ფუნქცია მიუციათ. კედლების სიმაღლე დაახლოებით ხუთი მეტრი უნდა ყოფილიყო. ცხე-დარბაზის ჭიშკარი მოთავსებული იყო დასავლეთით.
ანსამბლში მდგარი ეკლესია მოგვიანებითაა აგებული საკმაოდ დიდ გალავანთან ერთად. ამას გარდა, ჭიშკრის გვერდით აუგიათ საცხოვრებელი,თუ სამეურნეო ხასიათის ნაგებობა. იქვე მდებარეობდა მარანიც.
ამ დიდი მასშტაბის ანსამბლის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მხოლოდ ვახუშტი გვატყობინებს, რომ მის დროს, ე. ი. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, აქ ციხე ყოფილა. შესაძლოა სწორედ აქ ყოფილიყო გვიანფეოდალური ხანის დასაწყისში ფანასკერტელ-ციციშვილების რეზიდენცია.

 
სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი
 
იქვე, აღმოსავლეთით, უფრო მაღალი ქედიდან ამ მიდამოებს გადმოჰყურებს VII საუკუნის უნიკუმი - სამწევრისის გუმბათოვანი, წმინდა გიორგის ტაძარი (ჯვრის მონასტრის სახელითაა ცნობილი).
ეს პატარა ეკლესია მაღალგუმბათიანია. შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით. 1940 წლის მიწისძვრამ სამწევრისი ძლიერ დააზიანა.
ტაძრის ერთ-ერთი ფასადის X საუკუნის ასომთავრული წარწერა მოგვითხრობს სამწევრისის წინამძღვრის-დომნინოსისა და გიორგი თუალიძის მიერ არხის გაყვანის ამბავს. წარწერაში მოხსენიებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე, რომელიც მეფობდა X საუკუნის დასაწყისში. სამხრეთის ფასადის მეორე წარწერა მისი განმაახლებლის მერაბ ფანასკერტელისაა: „მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვეს ღმერთმან“.
XV-XV საუკუნეების მიჯნაზე აქაურობის მფლობელებს - ფანასკერტელ-ციციშვილებს, კერძოდ, მერაბ ციციშვილს, ეკლესია შეუკეთებია და უკურთხებია წმინდა გიორგის სახელზე. თავიდან წმინდა ჯვარი ეწოდებოდა. წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა განახლებას ხელმძღვანელობდა. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება.
ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის, ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია მონაცრისფრო-მოყვითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობის აღმოსავეთ-დასავეთის ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს. გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით: კვადრატის კუთხეებში მოთავსებულია ოთხი დიდი, მათ ზემოთ კი რვა მცირე ტრომპი. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია - აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთის სარკმელის თაღს ზემოთ რქების ორნამენტირებული სტილიზებული გამოსახულებაა. გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმელები მოურთველია. შიგნიდან კედლები კი მოუხატავია. დღეს აქ მამათა მონასტერია.
 
სამწევრისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი
 
ციხის ტერიტორიაზე მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი მდებარეობს, რომელიც ჩართულია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში. ეკლესიის პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება ადრეფეოდალური ხანით, მეორე - XVI-XVII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია, ნეგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. მონასტერს ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავეთით, სარკმლები- აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრხრეთით.